„კორონავირუსმა შესაძლოა, გართულებები დატოვოს თირკმელზე, ღვიძლზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე“ – ჯანმო-ს სამუშაო ჯგუფის წევრი

“პრობლემა არის არა მარტო კორონავირუსი, არამედ – ისიც, თუ რა გართულებებს ტოვებს შემდგომში ის”, – ამის შესახებ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა წერეთელმა აღნიშნა, კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში კვალს ტოვებს თირკმელებზე, ღვიძლზე, შესაძლოა, გულზეც.

„ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ ვირუსის შესახებ. მაგრამ მეცნიერები და მკვლევრები ყოველდღიურად სწავლობენ, ცდილობენ – რაღაც ახალი დაადგინონ. ერთი დადებითი, რაც დადგინდა ამ ცხრა თვის განმვალობაში: ჯერჯერობით, ძლიერი მუტაცია არ მომხდარა, ანუ, მეტნაკლებად, იმავე ვირუსთან გვაქვს საქმე, რაც ძალიან კარგია ვაქცინის წარმოებისთვის. მუტაცია რომ ყოფილიყო, მაშინ ვაქცინაზე მუშაობა ძალიან გართულდებოდა. მეორე, რაც გამოჩნდა: მართალია, ახალგაზრდებში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ უფრო ადვილად მიმდინარეობს, ვიდრე ეს აქამდე იყო. მესამე, რასაც ახლა ყველა აკვირდება – სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ შეიძლება, ინფიცირების შემთხვევები იყო მსუბუქი ან ნახევრად მსუბუქი და ადამიანი გამოვიდა ნორმალურად, მაგრამ შემდეგ დაიწყო გართულებები. არის გართულებები თირკმელებზე, ღვიძლზე. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ეს არა მარტო სასუნთქი სისტემის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემაც არის. გუშინ გამოჩნდა სტატია, რომ გულის დაზიანებებიც შეიძლება, მოჰყვეს. ასეთი რამდენიმე შემთხვევა გაჩნდა. ანუ, პრობლემა არის არა მარტო ვირუსი, არამედ – ისიც, თუ რა გართულებებს ტოვებს ის შემდგომ. რა გართულებებს დატოვებს, ეს რამდენიმე თვეში გამოჩნდება და კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება. ამ ეტაპზე, ჩანს, რომ გართულებებს ტოვებს”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისივე თქმით, ყველაზე ოპტიმისტური ვერსიით, ვაქცინა მზად თებერვალში ან მარტში იქნება.

„შემდეგ პრობლემა იქნება ის, რომ დამზადდეს ვაქცინის ისეთი რაოდენობა, რომ ყველას ეყოს, თან იყოს ისეთი ფასით, რომ მდიდარ ქვეყანასაც შეეძლოს ყიდვა და – ღარიბსაც.

თუ თებერვალ-მარტისთვის ვაქცინა გამოჩნდა, დაიწყება აცრები, ჩვენც ნელ-ნელა შევეგუებით, ვისწავლით პრევენციას. ალბათ, მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ შესუსტებას, თორემ ეს ვირუსი არსად გაქრება – იქნება, უბრალოდ, შეიქმნება იმუნური ფენა, ჩვენც ვისწავლით, როგორ გავუმკლავდეთ ამას“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები