ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

,,ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია მოსახლეობას დღეს ნოსირის, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფელ გახომელაში შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სენაკში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა.

,,ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აქ ბევრი ისეთი პრობლემა მოგვარდა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება ახლაც ინტენსიურად გრძელდება – წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ეწყობა გარე გარე განათების სისტემა, 14 -ივე ადმინისტრაციულ ერთეულში სრულდება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები. ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული. რა თქმა უნდა, წინ ასევე მრავალი გამოწვევა გვაქვს, რომ მოსახლეობის ცხოვრება ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. პრიორიტეტულია სოფლების ინტერნეტიზაციის, წყალმომარაგების, დარჩენილი შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები, რომელთა დროულად მოგვარების გზებზე შეხვედრებზე ვიმსჯელეთ” – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ილია ახალაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები