პეკინში ტრამპის განცხადების გამო პროტესტი გამოთქვეს
ჩინეთში, აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პროტესტი გამოთქვეს.
ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა იმაში, რომ პეკინმა კორონავირუსის დაწყების “პირველ დღეებში ქვეყნის შიდა გადაადგილება აკრძალა, მაგრამ თვითმფრინავებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ამ ქმედებისთვის გაერო-მ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს”.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ “სამწუხაროდ, ფაქტების მიუხედავად, ამერიკულმა მხარემ გაერო-ს ტრიბუნა ჭორების ფაბრიკაციისთვის, უსაფუძვლო თავდასხმისა და პოლიტიკური მიზნისთვის ჩინეთის ცუდად წარმოჩენისთვის გამოიყენა. ჩინური მხარე მტკიცე პროტესტს გამოთქვამს”.
გუშინდელ განცხადებაში, ტრამპმა ასევე ჩინეთი და ჯანმო იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი უზუსტო განცხადებებს აკეთებდნენ იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლაში ძალების მობილიზება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ძალისხმევას შეადარა.
მისივე თქმით, აშშ-ში სამი პრეპარატი კლინიკური ცდების მესამე სტადიაზეა.
“ვირუსს დავამარცხებთ, პანდემიას შევაჩერებთ!”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.