კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან ონლაინშეხვედრა გამართა – მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ვიდეო ზარის ფორმატში ონლაინშეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას წინა კვირაში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიესალმება გატარებულ რეფორმებს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპელ პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ კოლეგას ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წინადადებით მიმართა. როგორც ჰაიდი ჰაუტალამ აღნიშნა, covid-19-ის ინფექციის პანდემიის გამო, სადამკვირვებლო მისიების მივლინებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა, მან ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა და შესაძლოა, საქართველო გახდეს ის პირველი ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას გარემოს დაცვითი საკითხები წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებითაც გააქტიურდეს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და Green Deal-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოც აქტიური მონაწილე გახდეს.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები