პაატა კვიჟინაძე: ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავედ მიიჩნევა საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ ხალხმა უნდა გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც ყველას გვიყვარს – ჭიათურა ყოველთვის იყო სიყვარულის, ურთიერთგაგების და ინტელექტუალების ქალაქი”, – ამ სიტყვებით წარდგა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე ჭიათურის მოსახლეობასთან.

მისი თქმით, ჭიათურა ყოველთვის ამაყობდა თავისი თეატრით, უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლებით, იმით, რომ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ჭიათურას ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავდა უმაღლესი განათლებით.

როგორც კვიჟინაძემ წარდგენაზე განაცხადა, ამ რეგიონში გაკეთებულია სკოლები, ბაღები, ამბოლატორიები. გაიხსნა იუსტიციის სახლებიც, ხოლო ის, პრობლემები, რაც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს, ეკოლოგია, შრომითი პირობები, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად მოგვარდება და ეტაპობრივად გაუმჯობესდება:

„რა თქმა უნდა, დიდი პატივია დღეს ვიდგე აქ, თქვენთან და „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული ვიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ოთხმოცდაათიანმა, ორიათასიანმა წლებმა თავისი კვალი დაატყო საქართველოს და მათ შორის ჭიათურასაც. დაგროვდა უამრავი პრობლემა – მხედველობაში მაქვს უგზოობა, წყლები, გაზი და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან შრომითი ურთიერთობები, ეკოლოგია, შრომითი პირობები, რომელიც მართალია კერძო კომპანიაა, მაგრამ ისეა გადაჯაჭვული ჭიათურის ცხოვრებასთან, რომ ცალ-ცალკე ეს წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში შეიცვალა სიტუაცია. ბევრი რამ შეიცვალა, მოიმატა ხელფასებმა, გაუმჯობესდა შრომითი პირობები. ჩემი აზრით, სახელმწიფომ, ყველა ჩვენგანმა უნდა ვიმუშაოთ „ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, ზოგჯერ მოთხოვნით, ზოგჯერ თხოვნით, რომ ეკოლოგია ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესდეს და ეს აუცილებელია, ამას ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება სახელმწიფოს, აქ მართლაც არნახული საქმეები არის ნაკეთები. გზები პრაქტიკულად ყველგან გაკეთდა. არის რამდენიმე სოფელი დარჩენილი, სადაც ან მიმდინარეობს ან დაპროექტების პროცესია. გაკეთებულია სკოლები, ბაღები, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები”, – აღნიშნა კვიჟინაძემ.

აჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ ორ პროექტს გაუსვა ხაზი, რომელიც ჭიათურაში განხორციელდა – 24 საათიანი წყალმომარაგება და საბაგიოები. მისივე თქმით, ასევე, კეთდება სკვერები და მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბევრ ინსფრასტრუქტურულ პროექტზე:

„ორი ძალიან დიდი პროექტი განხორციელდა ჭიათურაში – ეს არის 24 საათიანი წყალმომარაგება – იცით, ამ მხრივ პრობლემა იყო, როგორც გრაფიკის კუთხით, ისე სუფთა წყლის კუთხით, რაც დღეს ეს მოხსნილია, მთავრდება და მეორე, ეს არის საბაგიროები. რა თქმა უნდა, ჩვენ დავუბრუნდებით იმ საბაგიროებს, რომლებიც დღეს არ მუშაობს, მაგრამ ამ წუთისთვის ფრანგების მიერ დამონტაჟებულია და უახლოეს პერიოდიში დაიწყებს ფუნქციონირებას ის საბაგირო, რომელიც ყოველთვის ამშვენებდა ჭიათურას. ასევე, კეთდება სკვერები და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა დარჩენილია ბევრიც გასაკეთებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის წყლებს, გაზიფიცირებას, საუბნო გზებს და ა.შ. მოსახლეობა როცა გვთხოვს, რომ ეს საკითხები გადავწყვიტოთ და სამართლიანად ითხოვს, ის ხედავს რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, რომ „ქართულ ოცნებას” ამის ძალა შესწევს და იმიტომ არის ამდენი მოთხოვნა და იმიტომ არის ამდენი სურვილი გამოთქმული”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს წლებში მთავარი მამოძრავებელი ძალა მარგანეცი იქნება, რასაც დაემატება ტურიზმის განვითარება:

„როდესაც არაფერი კეთდებოდა, სურვილიც ნაკლები იყო. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჭიათურას აქვს საშუალება გარდა მარგანეცისა, სხვა წარმატებული წარმოებებიც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში მთავარი მამოძრავებელი ძალა მარგანეცი იქნება და ასეც იყო აქამდე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ტურიზმის განვითარება. თქვენ იცი, თუ რამდენი ტურისტი ჩამოდიოდა პანდემიამდე, მაგრამ ეს უფრო უნდა გავაძლიეროთ, როდესაც ეს ამბები გადაივლის. ასევე სოფლის მეურნეობა, ჩაი, მოცვი და სხვა წარმოებები, რომელიც აუცილებლად გაიხსნება, რადგან ჭიათურაში ცხოვრობს ხალხი, რომელთაც აქვს უდიდესი შრომითი გამოცდილება და ნიჭი. არ არის ასე მარტივად რაიმეს შექმნა. იქ უნდა იყვნენ სპეციალისტები, გამოცდილი ხალხი, რომლებმაც საქმის კეთება იციან – ჭიათურა ზუსტად ასეთია. გულწრფელად ვთვლი, რომ დღეს „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავედ მიიჩნევა საქართველოს მთავრობა, აი სწორედ ამ ხალხმა უნდა გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები