“ანაგი”: “ფორმულას” სიუჟეტი ნუცუბიძეზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს

2020 წლის 19 სექტემბერს “ფორმულას” სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია – “ანაგი” განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტი ნუცუბიძეზე მდებარე სამშენებლო ობიექტს ეხებოდა და ის რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს.

“ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალდებულები ვართ, გავავრცელოთ ზუსტი ინფორმაცია და არ დავადასტუროთ შემდეგი:

1. ნუცუბიძეზე კომპანია “ანაგი” არ აშენებს ცათამბჯენს, როგორც ეს სიუჟეტში იქნა გაჟღერებული. მიმდინარე პროექტი ერთსართულიანი, 200 კვ.მ ფართის შენობის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს;

2. მშენებლობის მიმდებარედ არსებულ პარკთან კომპანია “ანაგს” არ აქვს რაიმე ტიპის კავშირი. ჩვენი ინფორმაციით, პარკი სახელმწიფოს საკუთრებაა და „ანაგის“ მიერ არ იგეგმება პარკის კუთვნილ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოება;

3. პროექტის დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოები ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის დაკვეთით მიმდინარეობს, სიცრუეა. “ანაგი” არ ადასტურებს ოთარ ფარცხალაძესთან რაიმე სახის კავშირს. დამკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა და, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი;

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წელზე მეტია, ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და, მისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არ განუხორციელებია და არ განახორციელებს არავითარ უკანონო და რაიმე ტიპის საფრთხის შემცველ მშენებლობას”, – ნათქვამია ,,ანაგის” განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები