ბეჟან წაქაძე: ძვირფასო მეშახტეებო გპირდებით, რომ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო

“წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა”,- ამის შესახებ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ ტყიბულში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

წაქაძის თქმით, ტყიბულში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

“წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული და არა ნაკლები დიდი მომავალი აქვს – ეს მეშახტეთა ქალაქია. ქვანახშირის წარმოება ამ ქალაქის ძირითადი დარგია. გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მაღაროელების შრომისა და ცხოვრების პირობები, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც მათთან ერთად ერთი სამუშაო დღე გავატარე. ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე და გპირდებით ძვირფასო მეშახტეებო, რომ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ იმისათვის, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტყიბულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა, უამრავი სკოლა გარემონტდა, უამრავი ბაღი გაკეთდა, ახალი შენობები გაკეთდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, მადლობა ამისთვის, მაგრამ გასაკეთებელი უამრავია. ნელ-ნელა დაიწყო ქალაქის იერსახის მოწესრიგება და თქვენ იცით, რომ გზები გაკეთდა, გზები კეთდება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, რაც გაკეთდა, მოწესრიგდა წყლისა და სანიაღვრე სისტემები. სპორტული კომპლექსი, ერთ-ერთი შესანიშნავი კომპლექსია, რომელიც გაკეთდა ტყიბულში და მე განცვიფრებული ვიყავი მისი მასშტაბებით, ასევე საცურაო აუზი. მე ვფიქრობ, რომ ტრადიციული, ისტორიული ქალაქი, რომელიც მეშახტეებმა ააგეს განვითარდება არა მარტო მეშახტეობის კუთხით, არამედ ტურიზმის, სპორტის მიმართულებით, ძალას, ღონეს, გამოცდილებას, ენერგიას არ მოვაკლებ ტყიბულელებს იმისათვის, რომ განვითარდეს მცირე წარმოება ქვეყანაში. ამაში მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და გწამდეთ, რომ ერთად გავაკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ყოველდღიური რუდუნებით ახალი საწარმოების შექმნა და მცირე ბიზნესის განვითარება ჰქვია, რაშიც ჩვენ სახელმწიფო გვიდგას მხარში იმ პროგრამების სახით, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება. მე თქვენი მწამს და მჯერა, დარწმუნებული ვარ რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ ტყიბულელებო, ერთად ტყიბულის წარმატებისათვის, ერთად საქართველოს წარმატებისათვის”,- განაცხადა წაქაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები