ცაგერში კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა „რეგიონულ კვირას” განუცხადა, 23 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, აჭარაში ცხოვრობს და ლეჩხუმში მშობლებთან სტუმრად ჩავიდა.

„ბათუმში, სადაც გოგონას ამჟამინდელი ოჯახი ცხოვრობს, დედამთილ-მამამთილს ვირუსი დაუდასტურდა, ფეხმძიმე ქალი ცაგერში სულ 5 დღეა რაც იმყოფება და ოჯახში დადასტურებული შემთხვევის გამო, მანაც ჩაიტარა PCR კვლევა. სამწუხაროდ, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ კონტაქტების მოძიება, ეპიდკვლევით მხოლოდ 4 ან 5 კონტაქტი იკვეთება, კვლევა მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ტესტირება ჩაუტარდა გოგონას დედასაც, რომელსაც არ დაუდასტურდა ინფექცია”, – განაცხადა ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 უკვე გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მონაცემებით, 3502 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 დაემატა და მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები