ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებსა და წარმომადგენლებთან ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანლებსა და წარმომადგენლებთან ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. მან აღინიშნა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ერთიანი სულისკვეთებით გაერთიანებულნი, ცდილობდნენ ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას თანამემამულეთა სოციალური თუ ეკონომიკური სიძნელეების დასაძლევად.

მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან წარადგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის – JMP Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და, ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევთ დღეს ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზე მნიშვნელოვანი და ეფექტური.

შეხვედრის დასასრულ, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხედავს და დიდად აფასებს უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განათლების საკითხებს. გაგრძელდება საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; საკვირაო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების მიზნით, შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებელთათვის გაიმართება ტრენინგები. ასევე, გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, დავით დონდუა, ასევე, ქ. თესლონიკში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი – გოჩა გოჩაშვილი.

მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრა ა.წ. 14 აგვისტოს გაიმართა იტალიაში მოქმედ, ქართულ დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანლებთან და ასევე გაგრძელდება მომავალში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები