„აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – საერთაშორისო სიმპოზიუმი ონლაინფორმატში ჩატარდება

საერთაშორისო სიმოპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ონლაინფორმატში ჩატარდება, – ამის შესახებ ლიტერატურათმცოდნე და ფილოლოგი,   შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი  ირმა რატიანი ფეისბუქის გვერდზე წერს.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჩვენ დავაანონსეთ საერთაშორისო სიმოპოზიუმის – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – ონლაინფორმატში ჩატარება. დღეს, უდიდესი სიამოვნებით გატყობინებთ, რომ სიმპოზიუმის გახსნა გაიმართება 23 სექტემბერს, დილის 11 საათზე, „ზუმის“ ფორმატში.
სიმპოზიუმის მასპინძლები შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
„სიმპოზიუმი ეძღვნება ქართულ ფოლკლორს, მის ყველა კულტურულ გამოვლინებაში, და ქართული ფოლკლორის დიდ მოამაგეს, გიორგი ლეონიძეს, გოგლას, რომელმაც ურთულეს 1950-იან წლებში, საკუთარი თავდადებისა და მეცნიერული სიჯიუტის ფასად, გადაარჩინა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობა!
მაქვს პატივი, მადლობა მოგახსენოთ საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის სახელით თქვენი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის! სიმპოზიუმს სხვადასხვა ქვეყნის 150- მდე მონაწილე ჰყავს, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა ჩვენი სახეცვლილი რეალობის პირობებში!
ვამაყობთ, რომ მიუხედავად ტრადიციული ფორმატის შეცვლისა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლებულნი ვიქნებით პირადი შეხვედრების, უშაულო კომუნიკაციის შესაძლებლობას, აგრეთვე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთნ ერთად დაგეგმილი მრავალფეროვანი კულტურული პროგრამის განხორციელებას, თქვენ მაინც გვიერთგულეთ და დარჩით ჩვენთან!
ეს კი წარმატების საწინდარია!
ჩვენ შევეცდებით, ვირტუალურ სივრცეშიც კი, მომდევნო კვირის სამი დღე, 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ვაქციოთ სამეცნიერო და კულტურული აზრის ზეიმად.
სიმპოზიუმის ახალი პროგრამისა და დღის წესრიგის თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია სიმპოზიუმის ვებგვერდზე:
http://conference.litinstituti.ge/ka/
შემდეგი სასიამოვნო ანონსი კი ასეთი იქნება: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პირველი ონლაინსიმპოზიუმის – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – მასალები გამოიცემა ელექტრონული აკადემიური წიგნის (ე-წიგნი) ფორმატში და განთავსდება ყველა შესაბამის საერთაშორისო ბაზაში, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ფოლკლორის უკვდავებას“, – წერს ირმა რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები