17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი სესილია თაყაიშვილი, დღეს მას 114 წელი შეუსრულდებოდა.
სესილია თაყაიშვილმა ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა.
1926 დაამთავრა სათეატრო ინსტიტუტი თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში, სადაც 1930-მდე იმუშავა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა (თ. ვახვახიშვილის პანტომიმა “მზეთამზე”). 1930-66 კი კოტე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწებდა. თაყაიშვილი დიდი სცენური სიმართლითა და გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის სახასიათო მსახიობი იყო; ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მახვილი ფორმით, მკვეთრი თვითმყოფადი იუმორით, გრძნობისა და განცდის უშუალობით. თაყაიშვილის მიერ მაღალი ოსტატობით განსახიერებულ 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტინე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია”), ნაყომი (გ. ბააზოვის 1მუნჯები ალაპარაკდნენ”), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის 1შიში”), პარასკევა (შ. დადიანის 1ნაპერწკლიდან”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის 1უმზითვო”), ძიძა, კატარინა (უ. შექსპირის 1რომეო და ჯულიეტა”, 1ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (ფ. შილერის 1მარიამ სტიუარტი”), პრიუდანსი [ა. დიუმას (შვილი) 1მარგარიტა გოტიე”], ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”) და სხვა.
დიდია თაყაიშვილის ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაში, სადაც 1948 წლიდან მოღვაწეობდა. როლები: ვასასი („ჩვენი ეზო”, 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი”, 1957), ელისაბედი („სხვისი შვილები”, 1958), ოლღა („მე, ბებია,ილიკო და ილარიონი”, 1962), ბორდოხანი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969–70), მარადია („ნატვრის ხე”, 1976), ასინეთი („დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, 1983) და სხვა.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არის სესილია თაყაიშვილის ქუჩა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები