შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყაზბეგში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტ “დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაკავებული ვ.გ.-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა – ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.