„ღირსეული პარტნიორი 2020″-ის ფარგლებში, კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა
მრავალეროვნული სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2020” ფარგლებში, კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს.
“სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა “კობრა” და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა.
სცენარის თანახმად, მოწინააღმდეგემ ერთერთ რაიონში ქიმიური ქარხანა დაიკავა, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციაზე შეტევის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ქიმიურ ქარხანაში მომწამლავი ნივთიერების გაჟონვა მოხდა, რამაც მომუშავე პერსონალის ინტოქსიკაცია და გარემოს დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ, დაშავებული პერსონალის გამოყვანა და „ამბულანსებით“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა რქბ ასეულმა უზრუნველყო. ტექნიკასა და გარემოს დეკონტამინაცია ჩაუტარდა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.