12 სექტემბერი – ილიას მკვლელობის დღე ღია ცის ქვეშ

უკვე მეშვიდე წელია, ყოველწლიურად, 12 სექტემბერს საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებენ პროექტს – „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“. პროექტი  ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება.
„გაატარე ერთი დღე ილიას სამყაროში!“ – პროექტის წლევანდელი მოწოდება ასე ჟღერს და მის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, სადაც ილიას შემოქმედების, მოღვაწეობისა და ბიოგრაფიის შესახებ მოისმენთ და იხილავთ მრავალ ახალსა და საინტერესოს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
12 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები 12:30 საათზე სიონის ტაძრის ეზოდან იწყება, სადაც ღონისძიების გახსნის ცერემონიალი გაიმართება და დაიწყება მსვლელობა სიონიდან მთაწმინდის პანთეონისაკენ. სიმბოლურად, პროცესია გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილია უკანასკნელ გზაზე გააცილა საზოგადოებამ.
14:00 საათზე მთაწმინდის პანთეონში გაიმართება პუბლიცისტის, მწერლისა და ჟურნალისტის, იოსებ ჭუმბურიძის ახალი წიგნის – „ილია, ანუ დიდი ანალოგოსი“ პრეზენტაცია.
19:00 საათზე – რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ, ღია სცენაზე, გაიმართება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოთი – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ – დაჯილდოების ცერემონია, სადაც გახდება ცნობილი, ვინ იქნება პრემიის წლევანდელი ლაურეატი. ხოლო შემდეგ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი  „საუკუნის მკვლელობა“ (ილიას ცხოვრება და მკვლელობა. ავტორი და რეჟისორი – გიორგი სავანელი).
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო თეატრი, მეღვინეობა „შუმი“, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა.ჯი“და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა „პუბლიკა“.

ღონისძიებებზე დასწრება, როგორც ყოველთვის, თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები