საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფინანსური წლის გეგმა გაფორმდა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, დეივიდ ჰოგან ჰერნს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, დეივიდ ჰოგან ჰერნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი, ასევე, მიესალმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი – ირაკლი ჭიჭინაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, შალვა კვინიხიძე.