თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის მობილიზებული, რომ, გაზრდილი რისკების ფონზე, ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ.
,,რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით. აქ ხდება როგორც ცხელების ცენტრის ფუნქციონირება, ასევე – კოვიდინფიცირებულების შესაბამისი მკურნალობა. აღჭურვილობა სრულად არის მობილიზებული, რომ, გაზრდილი რისკების ფონზე, ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. დღეიდან უკვე ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც მსუბუქი სიმპტომებისა და სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებების არქონის შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ, მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიება და თავშეყრა. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, ჩვენ ახლა გვმართებს, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტურად და ძალიან მალე შევძლოთ, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, დღეიდან ამოქმედდება სასტუმროს კარანტინში პაციენტების მკურნალობა. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და, ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში, მკურნალობას გაივლიან სასტუმროების ქსელში.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 18 პაციენტი გადაყვანილია სასტუმროს კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 112 პაციენტი გადის მკურნალობას.