დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

“გუშინ, 8 სექტემბერს სახელისუფლებო პროპაგანდის ფლაგმანმა, ტელეკომპანია „იმედმა“, ჩვეულ სტილში, ტალახის სროლისა და ბინძური თავდასხმების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა ჩემ მიმართ. “ქართული ოცნების” რუპორმა საგანგებო ეთერი მიუძღვნა ყველა იმ ყურით მოთრეული ბრალდების თავიდან წამოწევას, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურა არაერთმა სასამართლო პროცესმა, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა, საფრანგეთში და ისრაელში”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნათლად ვაცნობიერებ, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიბინძურე ჩემი საქმიანობის იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც კავშირშია ჩემ პოლიტიკურ პრეფერენციებსა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან. “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს მედიასფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად და მთავრობისაგან დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად – სისხლის სამართლის საქმეები და პოლიტიკური დევნა შეეხო “ტვ ფორმულას”, “მთავარი არხის”, “ტვ პირველის”, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის”, “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს. ყველანაირად ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვვითარდებით და არ ვაპირებთ, რუსეთისა და ბელორუსიის მსგავსად, სატელევიზიო სივრცე ჩვენი მოქალაქეების ზომბირების იარაღად დავუტოვოთ ხელისუფლებას. “იმედისა” და სხვა პროპაგანდისტული „სიბინძურის მანქანების“ საპირწონედ, არსებობენ და იარსებებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის 31 ოქტომბერი, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების დღე, მით უფრო მეტი სიბინძურე გადმოიღვრება “იმედისა” და სხვა სახელისუფლებო რუპორების ეთერებში. ამის გამო, ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით, ვერავინ შეგვაშინებს და თავისუფალი მედიის სარედაქციო პოლიტიკას ვერავინ გაგვაკონტროლებს. მჯერა, რომ საზოგადოების ინტერესშია თავისუფალი სიტყვა და, შესაბამისად, ვრჩებით საზოგადეობის და არა – მთავრობის ინტერესის სადარაჯოზე”, – წერს დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები