თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიაში” თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსურველებს. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, ვინაიდან „ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სტუმრობის მსურველთათვის კი წინასწარი რეგისტრაციის სისტემა იარსებებს.
ფესტივალი მომხმარებელს წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმის გარდა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; ექსპო ჯორჯიას ეზოში, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შესვლის გარეშე), წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე – www.gpba.ge
ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.
ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა „ექსპო ჯორჯიას” ეზოში, ღია ცის ქვეშ განთავსდება და ექვსივე საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად იქნება დატვირთული. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და სხვა. ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.
ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.
R