რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს – დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრები განახლდა, სადაც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას; მეტიც, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

“ითქვა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. ამ კუთხით, აღინიშნა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის მისამართით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გახშირებული უსაფუძვლო ბრალდებები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, რასაც თან ერთვის ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაზა გახელაძის და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამჟამად მყოფი კიდევ ორი პირის – გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვრცლად ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. ელჩმა განაცხადა, რომ გასული წლის მანძილზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში; ხოლო 15 ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან მათ არ მიეცათ ან შეუფერხდათ წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე.

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, შემაშფოთებელია, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, მათ შორის ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე უარის თქმა.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა, რჩება მშვიდობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული. ჩვენი უმთავრეს მიზანს ქვეყნის დე-ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წამოადგენს – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მან ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” თაობაზე.

საქართველოს დელეგაციამ სხდომაზე ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ძირითად საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებზე.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა. მათ ერთხმად დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან: ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ.

ერთობლივ განცხადებაში დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციული ქმედებებთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიუღებლობაზე, რომელიც არღვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, უპირველესად, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს უკანონოდ განთავსებული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. დელეგაციები ასევე შეუერთდნენ ქართული მხარის მოთხოვნას, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აფხაზეთისა და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებასთან დაკავშირებით, მისიის მანდატის შესაბამისად.

დელეგაციებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ – მიმართ, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ და აღნიშნეს საწყის ეტაპზევე პროგრამის წარმატება; მის მიმართ მაღალი ინტერესი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და მისი ინსტრუმენტების, განათლებისა და მცირე გრანტების პროგრამების, ასევე, მშვიდობის ფონდის ამოქმედების მნიშვნელობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები