რიმა ბერაძე: მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ლელოს“ მხრიდან გამოთქმული ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება
თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე “ლელოს” ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს.
მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობას” ეჯიბრება უკადრებელის კადრებაში.
“მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან ჩემ მიმართ, დღეს, გავრცელებულ ბრალდებას.
„ლელო საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობას” ეჯიბრება უკადრებელის კადრებაში და ჩვენი რაიონის მცხოვრები ქალბატონის გამოყენებით, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს, ჩვენ მიერ, რაიონში სწორად წარმოებულ პოლიტიკურ კამპანიას.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ლელოს“ მხრიდან გამოთქმული ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება!
ყველასთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ჩუღურეთის მოსახლეობისადმი. არასოდეს ვასხვავებდი ადამიანებს, მითუმეტეს სოც. დაუცველ მოქალაქეებს, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. უკვე 6 წელი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩუღურეთელების ინტერესებს წარმოვადგენ და ამ დროის განმავლობაში მე ვიყავი ყველა მათგანის დეპუტატი და ვეხმარებოდით ყველას, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა.
კარგად გვესმის, რომ ლელოს მხრიდან გამოთქმული ბრალდება ჩვენ მიერ რაიონში აქტიური პოლიტიკური კამპანიის წარმოების საპასუხო რეაქციაა. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებისა და ჩვენი მოსახლეობისადმი დამოკიდებულების გამო, ხალხი გვენდობა და მხარს გვიჭერს. ამიტომ, სხვა არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ ასეთ ბინძურ მეთოდებს მიმართონ.
სამწუხაროა, რომ ლელომ ოპონირების ასეთი გზა აირჩია. თუმცა, მინდა გადაჭრით ვთქვა, რომ ამგვარი მეთოდებით ვერავინ შეძლებს ჩვენს შეჩერებას.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩუღურეთის რაიონში აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას. მოსახლეობის მხარდაჭერით ოქტომბერში კვლავ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
გამოვთქვამ სრულ მზაობას, საჭიროების შემთვევაში, ვითანამშრომლო ყველა შესაბამის უწყებასთან სიმართლის დასადგენად,”- წერს რიმა ბერაძე.
ცნობისთვის, “ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. სამუშიას თქმით, მათ წევრს თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე დაემუქრა.