“200-ლარიან კომპენსაციას დღეს, დაახლოებით, 200 000 ბავშვს ვურიცხავთ და ეს გაგრძელდება ამ კვირის განმავლობაში”

“დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200-ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ამ ბავშვს შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.

„პრემიერმინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ კვირის განმავლობაში.
აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება, პრემიერი მიერ გაცემული, ერთკვირიანი დავალება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები.

რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები