ირაკლი სესიაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენი ოპონენტები ამ ბინძურ ხერხებს არ შეეშვებიან

“ხდება მიზანმიმართული თავდასხმები იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტები არიან – მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენი ოპონენტები ამ ბინძურ ხერხებს არ შეეშვებიან”, – ამის შესახებ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სესიაშვილმა ოპონენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ სტანდარტები.

„სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების წინ ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები თავს ესხმიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ცდილობენ მათ პოლიტიზირებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩათრევას. გვაქვს საქმე  ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციასთან, მასირებულად ხდება, მაგალითად, სუს-ისა და მათი თანამშომრლების დისკრედიტაცია. ხდება გარკვეული ტრაგედიების, რომლებიც ყველას გულისტკივილია, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენენება. ეს არის ამორალური და მიუღებელი. ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის  იმიტომ, რომ ამ პირობებში არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. სწორედ ამიტომ ხდება მიზანმიმართული თავდასხმები იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტები არიან. მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენი ოპონენტები ამ ბინძურ ხერხებს არ შეეშვებიან, მაგრამ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მოგების გარეშე, მინდა მოვუწოდო, არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ სტანდარტები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებ თქვენს პოლიტმედიასაშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე. სულ მცირე, დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და მის უსაფრთხოებას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები