ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკო პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს

ლიტვამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა, ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყნის 30 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პერსონალური სანქციები დაუწესეს და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

შესაბამისი განცხადება ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს.

სანქციათა სიაში ასევე შეყვანილნი არიან ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ცესკო-ს წარმომადგენლები, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და სხვები.

“აღნიშნულმა პირებმა ბელორუსში არჩევნების გაყალბებაში საკვანძო როლი შეასრულეს, ასევე, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს”, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ესტონეთის შემთხვევაში აღნიშნულ პირებსა და ლუკაშენკოს ქვეყანაში 5 წლით შესვლა ეკრძალებათ, ლატვიამ შეზღუდვა გაურკვეველი ვადით დააწესა, ლიეტუვაში კი დასძინეს, რომ, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სია შესაძლოა, გაფართოვდეს.

19 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბელორუსში ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, თუმცა გასული კვირის მდგომარეობით სია ჯერ მზად არ არის. მოსალოდნელია, რომ ნუსხაში 15-20 პირი შევა, ლუკაშენკო ჯერ მასში არ ფიგურირებს. მედიის ინფორმაციით, გვარები მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.

აღნიშნულის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ორი კვირის ვადაში ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ვიზიტს განახორციელებს და კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამისი შეთანხმება ორ ლიდერს შორის 30 აგვისტოს სატელეფონო საუბრის დროს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები