„ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ“ – 113 წელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან

113 წელი გავიდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. იგი 1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით) მოკლეს წიწამურთან. ილიას მკვლელობის თაობაზე რამდენიმე ვერსია შეიქმნა, რომელთაგანაც ისტორიკოსები სარწმუნოდ მაინც მიიჩნევენ მხოლოდ ერთს – სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებულ მკვლელობას.

ილია ჭავჭავაძის გვამის დათვალიერების აქტის (1907 წლის 31 აგვისტო) შესწავლის შედეგად, საყურადღებოა ექსპერტ ბ. კილასონიას დასკვნა: ილიას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული „ჭრილობის არხის მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ესე იგი, ილიასთვის ტყვია ზურგიდან უსვრიათ“.
ცეცხლსასროლი იარაღით (ტყვიით) მიყენებული სხვა ჭრილობა ილია ჭავჭავაძის სხეულზე არ აღმოჩნდა.
ჩასაფრებული კილერის შესახებ არაფერი უწყოდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა, მკვლელმა კი იცოდა, სად გააჩერებდნენ გლეხები ეტლს. როგორც ვარაუდობენ, გასროლის შემდეგ კილერი შეუმჩნევლად გაეცალა იქაურობას.
ვაჟა-ფშაველა ილიას მკვლელობას წერილით გამოეხმაურა: „ვერ მოჰკლეს!“

,,ილია რო მოჰკლეს!“ – მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან გაკვირვების კილოთი. თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა: ვინ მოჰკლავდა, ნეტავ, ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადამიანების მოკვლა? ნუთუ ქართველებმა შეახეს ხელი თავის მამას, ქართველთათვის თავდადებულს, თავის ერისთვის მოჭირნახულე ადამიანს? იქნებ უცხოელებს შეჰშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი ბურჯი ჩვენის ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით და გამოცდილებით?
ათასი ამისთანა კითხვა დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი ილიას სიკვდილისა. ვიცით მე და თქვენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოგვიკლეს საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენის მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი მოამაგე ქართველ ერისა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას ღვაწლთაგანი? ეს ყველამ კარგად უწყის. საშინელი მეტისმეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხვდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა… რევოლუციის სახელით. საბრალო, საწყალო რევოლუციავ ჩვენს ხელში. საზარელი ფაქტია, საზარელი მოქმედებაა, საშინელი აზრის პატრონნი უნდა იყვნენ ამ მკვლელობის ჩამდენნი. აშკარაა და აშკარად ვიტყვი: ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები