რუსუდან თევზაძე: საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნამდვილად ღირსეულად გაიარა ურთულესი გამოწვევების გზა

საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნამდვილად ღირსეულად გაიარა ურთულესი გამოწვევების გზა, – ამის შესახებ განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

რუსუდან თევზაძე პროექტ „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ აფასებს და ამბობს, რომ ის სრულად ეხმიანება და ასახავს საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე პრინციპებს.

“ცხადია, ჯერ კიდევ საჭიროა დიდი შრომა და ძალისხმევა, სწორედ ამ შრომას და ძალისხმევას არ იშურებს ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად შეამციროს არსებული რისკების გამააქტიურებელი ფაქტორები, ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბუნებაში არსებული რისკებიც გააქტიურდა და კატასტროფებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებისა და აღდგენის ფაზებმა დაგვანახა კრიზისების მართვის კონცეფციის უმთავრესი ხაზი, რომელიც მოქალაქის ზრუნვასა და დახმარებაზე გადის.

მიუხედავად ადამიანური თუ ბუნებრივი არასასურველი რისკების გამააქტიურებელი ფაქტორების მრავალფეროვნებისა, ხელისუფლება მაინც ახერხებს იყოს თანამიმდევრული და ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელოს არსებითი სოციალურ-ეკონომიკური აქტივობები.

ბოლო პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი გახლდათ პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“. ის სრულად ეხმიანება და ასახავს საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე პრინციპებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს სპეციფიკური ეკონომიკურ- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

აღნიშნული პროექტი, ასევე არსებითი ინდიკატორია ქვეყნის რეგიონული დეცენტრალიზაციისა და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა.
ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან, არჩეული რეგიონული განვითარების ვექტორი, შესაბამისობაშია თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებთან.

მსგავს პროექტებსა თუ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და საბედნიეროდ, მათი ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა. სწორედ ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისა და მისი შეფასების ინდიკატორებს და არა გაცვეთილი, პოპულისტური, არაპოლიტკორექტული, სუბიექტური, კონსპირაციული და რაც უმთავრესია სიცრუით გაჟღენთილი ოპოზიციური ნარატივები.
მე. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ხშირად შევახსენო დროსა და სივრცეში დაკარგულ ოპოზიციას ის სიკეთეები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ რეალურად ხდება.
მჯერა, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ობიექტურ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ არჩევანს გააკეთებს”, – აღნიშნავს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები