როდესაც სააკაშვილი შეცდომებზე საუბრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის, არა შეცდომები, არამედ დანაშაული, რომელიც აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის სარეკლამო ვიდეოდრამა არასერიოზულია.
„ამ ადამიანის მუდმივი საუბრები დაბრუნებაზე, ასევე ის სარეკლამო ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ნამდვილად მეუხერხულება რაიმე კომენტარის გაკეთება. როდესაც ის შეცდომებზე საუბრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის, არა შეცდომები, არამედ დანაშაული, რომელიც აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ, ასე რომ მართლაც ჩამოვიდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.