დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორ ქრის ვან ჰოლენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საუბრისას აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

“დღეს, ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემს შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ.  ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება.

მე მადლობა გადავუხადე სენატორ ვან ჰოლენს აშშ-ს სენატის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ კი, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის  შეფასების კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიის წარმატებით განხორციელებაში. გამოვთქვით მზაობა, რომ კვლავაც განვაგრძოთ ერთობლივად მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.

საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თემას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების  მდგომარეობაზე. სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა”,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები