ძვირფასო საქართველოვ, წაიყვანე უკან სააკაშვილი – ამ სიტყვებით დაიწყო „ქრონიკასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილმა უკრაინელმა დეპუტატმა გენადი მასკალმა. მისივე თქმით, მისთვის საქართველოში ჩადენილი დანაშაულებებიც ცნობილია და ისიც, რას დაჰპირდა უკრაინელებს და რეალურად, რა გააკეთა მათთვის. მასკალის განცხადებით, სააკაშვილს არანაირი რეფორმების გატარება არ შეუძლია და ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაშიც უკვე დარწმუნდნენ, რომ ის მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს.
„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების ისეთი რეფორმა გაატარა, რომ ყველაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სისტემა შექმნა. მაშინ რატომ ეშინია, დაბრუნდეს საქართველოში და დაიცვას თავი? წავიდე და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ან თუ მართალი არ ხარ, ჩაჯექი ციხეში, იქნება მერე პრეზიდენტმა შეგიწყალოს. წაიყვანეთ სააკაშვილი უკან, თორემ უკრაინაშიც ისეთ წარმატებულ რეფორმებს გაატარებს, რომ ქვეყნისგან არაფერი დარჩება. სააკაშვილი ვერასოდეს იქნება უკრაინის პრემიერი, პარლამენტი მას ხმას არ მისცემს. ის ოდესის გუბერნატორი იყო, მაგრამ ძაღლისთვის ჯიხურიც კი არ აუშენებია. იქ ხალხს მისი ხსენებაც არ უნდა. მისგან სარგებელი არც უკრაინაში იქნება, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი ამას გააცნობიერებს, გვიანი იქნება – სააკაშვილს ისევ გააგდებენ და მოქალაქეობას ისევ ჩამოართმევენ. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ“, – აცხადებს გენადი მასკალი.
რადის ყოფილი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი მეორედაც იმავე ბედს გაიზიარებს. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი კარგად ხედავს, რა გააკეთა უკრაინაში სააკაშვილმა და მისმა რეფორმატორმა თანაგუნდელებმა.
„როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნეს, მან საბაჟოს რეფორმის ჩატარების პირობა დადო. მან დანიშნა ვიღაც ახლობელი გოგო საბაჟოში და თუ მანამდე საბაჟოს ბიუჯეტში თვეში 2 მილიარდამდე გრივნა შეჰქონდა, რეფორმის შემდეგ ეს თანხა 750 მილიონი გახდა. სად გაქრა 1,25 მილიარდი გრივნა? გამოჩნდნენ მისი თანამემამულეები, გახსნეს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი, სადაც გარკვეული თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ საბაჟოზე საქმეები გვარდებოდა. ახლა ეს ადამიანი ებრძვის უკრაინაში კორუფციას? მან უნდა განახორციელოს სასამართლო რეფორმა? ის მოსამართლეა, პროკურორი იყო თუ გამომძიებელი? აქ ჩამოიყვანა ხატია დეკანოიძე, რომელმაც უკრაინული პოლიცია სრულიად დაანგრია. ხატია დეკანოიძემ დაარწმუნა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება, რომ საკმარისია, პოლიციელმა 6 თვე ისწავლოს. 6 თვეში როგორ უნდა მოემზადოს პოლიციელი, ბავშვსაც კი 9 თვე სჭირდება, რომ დაიბადოს? ამის შედეგად პოლიციის ხარისხი გაუარესდა, დანაშაულის რიცხვი კი გაიზარდა. გარკვეული დროის შემდეგ დეკანოიძე უკრაინაში ისევ გამოჩნდა, ერთი თვე სასტუმროში იჯდა, სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტს ევაჭრებოდა, რომ დეკანოიძე შს მინისტრად დაენიშნა. რადაში დეკანოიძის კანდიდატურას 450 დეპუტატიდან 10-ც არ მისცემდა ხმას. შემდეგ დღის წესრიგში საბაჟო დადგა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზეც უარი თქვა, დეკანოიძე კი საქართველოში, სააკაშვილის პარტიაში დაბრუნდა“, – აცხადებს გენადი მასკალი.