დიმიტრი ხუნდაძე: UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ შემოვიტანეთ 200 ლარიანი დახმარება
“ბუნებრივია, ჩვენც ვართ მსოფლიოს ნაწილი, ჩვენც პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ეს რისკები ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ, რომ სიღარიბე არ გამწვავებულიყო და მიუხედავად UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50-ლარიანი დახმარებისა ჩვენ 4-ჯერ მეტი დახმარება შემოვიტანეთ, ანუ 200-ლარიანი დახმარება 17 წლამდე ყველა ბავშვისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეფასებისთვის, არამედ მიზნის მისაღწევად. ჩვენ არათუ შევძლებთ სიღარიბის შეჩერებას, არამედ შესაძლოა ამ ტიპის დახმარებით და უკვე მოქმედი სხვა პროგრამებით, შევამციროთ კიდევ ბავშვთა სიღარიბე”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
„ბოლო პერიოდში, 2012 წელთან შედარებით, აბორტების მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. 2012 წელს მხოლოდ რეგისტრირებული აბორტი იყო თითქმის 40 ათასი 2019 წლის მონაცემებით კი, ის 22 ათასს მცირედით აჭარბებს. 2020 წლის მონაცემი ჯერ არ არის დადებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ის იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ეს იყო 2019 წლის მაჩვენებელი. ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ მისი ჩასახვის პერიოდიდან, რამეთუ მათი განვითარების ტემპი არის ასაკიდან გამომდინარე, გამორჩეულად აქტიური და შესაბამისად, არასრულფასოვანი კვება, ბავშვთა სიღარიბე შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ მოკლევადიანი პროგნოზებით ვიფარგლებით არამედ ჩვენ ვზრუნავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი თაობა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.