მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდებს მასპინძლობს და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი ჩართულობით საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტს წარმოადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ორი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი ადამიანის უფლებების სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდა.
დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდების ინტერესიდან გამომდინარე, მსჯელობა გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპები და მიდგომები, ბავშვობის ასაკში ქორწინება, ქალების პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ბავშვების სოციალური უფლებები, სექსუალური შევიწროება და პასუხისმგებლობის მექანიზმები, ძალადობის პრევენცია, ბულინგის აღმოფხვრა და სხვა.
დისკუსიისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრებები თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების მიმართულებით. მათი არაერთხელ აღნიშნეს თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს მზადყოფნა, თავად ჩაერთონ თანასწორობის პოლიტიკის გატარების პროცესში და განახორციელონ შესაბამისი აქტივობები, რაც არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და თანასწორობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.