ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს. ანგარიში ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა – საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა, კორონავირუსის ზეგავლენა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიში 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ის პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით, დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზს წარმოადგენს.
როგორც “ND”-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა აღნიშნა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს.
“არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულოს ყველა კანონი და რეგულაცია. დამკვირვებელ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ ჩარევისა და დაშინების გარეშე შეასრულონ საკუთარი საქმე. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათა შორის თანამშრომლობას. პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ინკლუზიური პროგრამები, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს.
თუმცა შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ
და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ”, – აცხადებს დერეკ მიტჩელი.
ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია.