მირიან ნიკოლაძე: მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია

“მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია”, – ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატების მიერ მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას.

“დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც “ტოიოტა”-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).

რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი-ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე-გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით?

სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!

P.S: რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)…”,- წერს მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს – ავტოსამრეცხაოსთან, სადაც „ტოიტა ქამრის“ მანქანა გაჩერდა, ე.წ. მწვანე სახლში, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიმალა და ფერად შენობასთან, უშუალოდ იმ გზაზე, სადაც მოწმეების თქმით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას შედეგ დაიკარგა მისი კვალი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები