“გამარჯვების შესახებ ოპოზიციის საუბარი, რასაკვირველია, წინასაარჩევნო ბაქიბუქია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ დღეს გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შანსები მცირეა.
„საზოგადოებას მიაწოდეს ამით ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა, არის ბევრი სხვა თემაც, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ. რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვს ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ოპოზიციური ხმების დაცვაზეა საუბარი.