კახა კალაძე: მე მჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ

მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, რომ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას, ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, რუსთავი არის ის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული განვითარების თვალსაზრისით.

“ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ქალაქში, ქალაქში, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ქალაქში, სადაც ძალიან შრომისმოყვარე, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ.

რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს.

რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. ჩვენ ამისთვის ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველა შესაძლო შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ “რუსთავის” და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში.

დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები.

ეს ყველაფერი ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავარია ჩვენი ერთად დგომა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხე, ჩვენი ქალაქი იყოს წარმატებული.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეული რუსთაველი ანთებულია ამ სურვილით და ზუსტად ვიცი, ამ სურვილით ანთებულია თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდით დგომით ჩვენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებას შევძლებთ, არამედ მივაღწევთ ყოველი ჩვენგანის უმთავრეს მიზანს , შევქმნით რუსთავის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიას. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ამ რეგიონში, რუსთავში, თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებისა და განხორციელებული პროექტისა, დღესაც არსებობს პრობლემები, დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო წლებში ჩვენი ერთად დგომა. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ყველა გავერთიანდით ადამიანის ირგვლივ, რომელმაც შექმნა პარტია, გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია. მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ჩვენ ჩვენი ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ გამარჯვებას. მე მჯერა, რომ ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ჩვენ ერთიანი ძალიხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები