თამარ ჟვანია: ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს
“ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოსა და ამომრჩევლის წინაშე”,- ამის შესახებ “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო აშშ-სთან თანამშრომლობს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პირობებში.
„ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური პარტია ემზადება არჩევნებისთვის. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ოლქების ფუნქციების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები ჩვენთან თანამშრომლობენ. ნამდვილად ვიცი, რომ ყველა მათგანი ემზადება არჩევნებისთვის, ყველა მათგანი ჩვენთან კომუნიკაციაშია. 68 პოლიტიკურმა პარტიამ მოგვმართა და რაც მთავარია, პოლიტიკური წარმომადგენლობის შესაძლებლობები გაცილებით უკეთესია, რაც განსაზღვრავს მათ მონაწილეობას და არჩევნებში მაღალ მოტივაციას. რა თქმა უნდა, არჩევნებთან მიმართებით პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს არ აქვს. ამ შემთხვევაში თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაციას ვგულისხმობ. ეს არის ნებისმიერი ჩართული მხარის მაღალი პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა გადანაწილდება კომპეტენციის შესაბამისად, მაგრამ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ეს გახლავთ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, სახელმწიფოსა და ამომრჩევლის წინაშე. მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ყოველგვარი გართულებების გარეშე მათ უნდა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს და თანაბრად ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.
რაც შეეხება პანდემიას, ამ ნაწილში ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. უკვე ჩავერთეთ გარკვეული საჭიროებების კვლევებში, გვქონდა კომუნიკაცია, გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელიც ჩემ მიერ უკვე გაჟღერდა. ეს შეიძლება იყოს პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები საარჩევნო უბნებზე და არა მხოლოდ იქ, ასევე ხელთათმანებით მუშაობა. ეს ყველაფერი ცალსახად და ზუსტად გაიწერება მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები და ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მათი ჩართულობითა და მონაწილეობით“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.