დაბა გომისმთაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე-საკადასტრო სამუშაოები დაიწყო

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში საკადასტრო ტექნიკური სამუშაოები დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები, მესაკუთრეების ჩართულობით, სრულად აზომავენ მიწის ნაკვეთებს და საკუთრებაში დაარეგისტრირებენ მათ. საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე, მონაცემები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგისტრატორები ადგილზე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდნენ, სარეგისტრაციო დოკუმენტებს იბარებდნენ და საკადასტრო აზომვის ჩასატარებლად მისაღებ დროზე უთანხმდებოდნენ.
საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაბა გომისმთა ერთ-ერთია იმ შვიდი მაღალმთიანი დასახლებიდან, რომელიც იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N 562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად შეირჩა. აღნიშნულ დასახლებებში მიწის სისტემური სისტემური რეგისტრაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება:
✔ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
✔ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები
✔ ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები
✔ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.
ამ ეტაპზე საველე-საკადასტრო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მთლიანობაში 1300–ზე მეტი მიწის ნაკვეთი იქნა აზომილი.
მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალების გარდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ეტაპობრივად ყველა იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში.მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები