თეა წულუკიანი: არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი
“არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი?!”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა, არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა.
„არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე ვერ ივარაუდებდა წინასწარ, მინსკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი. ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა, არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა, რადგან იმავე ინფორმაციაში ითქვა, რომ ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყვანა საქართველოში. ამგვარი ყალბი ინფორმაციების შექმნა არის ძალიან დიდი სირცხვილი, რადგან საზოგადოება ხვდება, ესა თუ ის არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას”, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში. გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ”.