მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება
ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება. ეს მცდელობა ვერ მართლდება, თუმცა მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი, რატომაც ვერ გააქტიურდა მსგავსი მცდელობები. ეს ეხება ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ სავალდებულო 12 – დღიან კარანტინს. საკარანტინო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციაში.
დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოვლენილია ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება „კოვიდ – 19“-ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, მარტივია საზოგადოებისა და მედიისთვის იმი შეფასება, რა მოხდებოდა ეს 300 ადამიანი რომ საკარანტინო სივრცეში არ მოხვედრილიყო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.