ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით

“წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით”, – ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, წინა ხელისუფლების ცხრა წელზე საუბარი ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზულ კონკურენტად აღიქვამს.
„პასუხისმგებლობა იმ ცხრა წლის გახსენებაზე, როდესაც სააკაშვილი მართავდა ხელისუფლებას და რომლის დროსაც არაერთი ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების წინაშე, ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ.
მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს არქმევენ. ასეთი ხალხისგან პრეტენზიები, რატომ ვახსენებთ წარსულს, იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. ცხადია, მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამის შეხსენება ერთგვარი პრევენციაა.
​ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის პრობლემები, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებია. მთლიანად ვართ კონცენტრირებული ამ ყველაფერზე, თუმცა თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია, გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. ეს ფაქტებითაა დამტკიცებული, არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები. საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის. მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები