ჯანმო: სკოლები კორონავირუსული ინფექციის ახალი აფეთქების რისკის ზონა შეიძლება, გახდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, საჯარო სკოლები ვირუსის აფეთქების რისკის ზონა შეიძლება, გახდნენ.

 

მისი თქმით, გასულ სასწავლო წელს მსოფლიოს მასშტაბით სკოლების 43%-ს არ გააჩნდა ხელების დაბანის მოწყობილობა, ამიტომ, “ჰიგიენის დაცვის ელემენტარული შესაძლებლობის არარსებობამ შეიძლება, კორონავირუსული ინფექციის აფეთქების რისკი გაზარდოს”.

 

რაიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ მოწყვლადია და კორონავირუსისგან დაცული არ არის.

 

ექსპერტი მოუწოდებს ხალხს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ქუჩებსა და დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ, ასევე, სოციალური დისტანცია დაიცვან.

 

თავის მხრივ, ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა – “წყალმომარაგებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან წვდომა არის პროფილაქტიკისთვის საკვანძო პირობა, მათ შორის, სკოლებში”.

გარდა ამისა, ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 818 მილიონი მოსწავლე ისეთ სკოლებში სწავლობს, სადაც ხელების დასაბანი მოწყობილობა არ არის, მათგან 295 მილიონი აფრიკის კონტინენტშია; ასევე, 698 მილიონი ბავშვი ისეთ სკოლებში სწავლობს, სადაც ხელების დასაბანი საპონი არ არსებობს. ყოველ მესამე სკოლაში კი სასმელ წყალთან წვდომა არ არის ან შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები