გოჩა ენუქიძე: თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა, ზემო იმერეთი-რაჭის დეპუტატის ინფორმაციით, დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
ზემო იმერეთირაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი, სულ მცირე, 1 საათით მცირდება. სატრანსპორტე მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.