მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ, ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩატარდა ძალიან მსხვილი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე  მეტი ადამიანი იქნა სვანეთიდან გამოყვანილი. ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინე სივრცეებში”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, თავის მხრივ, საკარანტინე სივრცეები მოეწყო თავად სვანეთში, ადგილზე მოხდა განთავსების ობიექტებში არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. ამასთან, მაქსიმალურად ორგანიზებულად ხდება დამსვენებელთა საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა.
„შევეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო საკმაოდ კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის. დამსვენებლების ნაწილი, რომელიც ისეთ სასტუმროებში იმყოფებოდა, სადაც ჯანდაცვის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იყო, გადაკეთდა საკარანტინო სივრცედ. დამსვენებელთა ნაწილის ორგანიზებული გამოყვანა მოხდა და ეს ადამიანები სხვადასხვა საკარანტინე ზონაში გადანაწილდნენ. ადგილზე მობილიზებული გვყავს ტრანსპორტი მათთვის, ვინც სვანეთში საკუთარი ავტომობილის გარეშეა, ხოლო ისინი, ვინც საკუთარი ავტომობილით იმყოფება და საკარანტინე სივრცემდე ესაჭიროებათ გადაადგილება,  ორგანიზებულად, ზედამხედველობით გადაგვყავს”, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი ამ ეტაპზე სვანეთში რჩება, რაშიც იგულისხმება, რომ ისინი სვანეთში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადავიდნენ ან დარჩნენ იმ სასტუმროში, სადაც იმყოფებოდნენ. დღეს მოხდება დამატებით კიდევ ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფის გამოყვანა –  ყველა მათგანთან შედგა კომუნიკაცია, გამოყვანის პროცესისთვის ყველაფერი ორგანიზებულია.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კერძო სექტორსა და მოსახლეობასთან ერთად ისე ჰარმონიულად ვიმუშაოთ,  ამ პროცესმა სვანეთს გრძელვადიანი დარტყმა არ მიაყენოს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები