გიორგი ხანიშვილი: წლევანდელი მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინებული მუშაობის შედეგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჩხოროწყუს (სოფ. ლესიჭინე), წალენჯიხისა (სოფ. ნაკიფუ) და ზუგდიდის (სოფ. შამგონა) მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ფერმერები წელსაც მაღალი ხარისხის, შარშანდელზე უკეთეს მოსავალს მიიღებენ. დასავლეთ საქართველოში თხილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი საექსპორტე პროდუქტია. ამის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა თხილის გადარჩენის კომპლექსური გეგმა, რომელიც სრულ ჯაჭვს – აზიურ ფაროსანასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობასა და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს. წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ შეიმუშავა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 25  ათასამდე  მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული.  სახელმწიფომ ასოციაციას 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, რითაც ფერმერები სარგებლობენ; ისინი თხილის მოვლის შესახებ  რეკომენდაციებს 150 აგრონომ -კონსულტანტისაგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები