ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა – დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი უკვე გააკრიტიკა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა.
“ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ კამალა ჰარისი შევარჩიე, “პატარა ადამიანებზე” უშიშარი მებრძოლი, ერთერთ ღირსეული ადამიანი სახელმწიფო თანამდებობაზე”, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი იქნება აშშ-ის ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი ფერადკანიანი ქალი.
კამალა ჰარისი იკავებდა კალიფორნიის გენერალური პროკურორის პოსტს. 55 წლის კამალა ჰარისი ასევე იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და, შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ჯო ბაიდენის მეტოქე იყო, თუმცა რბოლას დეკემბერში გამოეთიშა.
ჰარისის წარდგენას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მისი თქმით, გაკვირვებულია სენატორი კამალა ჰარისის დასახელებით.
მისივე შეფასებით, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს კამალა ჰარისი ყოფილი ვიცეპრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა.
„ის დიდ უპატივცემულობას იჩენდა ჯო ბაიდენის მიმართ. რთულია, აირჩიო ვინმე, ვინც ასეთი უპატივცემულოა. დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს დებატებისას ის საშინელებებს ამბობდა „მძინარა ჯოს“ შესახებ. მე ვფიქრობდი, ის მას არ აირჩევდა“, – აღნიშნა ტრამპმა.