ნათია თურნავა: გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე – ქვეყნის სხვა რეგიონებში
„საკარანტინე სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც გვაქვს საკმარისი რესურსი ამისთვის”, – ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კოვიდ-ი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პანდემიის დაწყების მომენტიდან იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები იყოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მართული და აღმოფხვრილი.
„ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლებისა და წესების დაცვა, რაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს – საუბარია სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ რეკომენდაციაზე. ჩვენ ამ წესების შესრულებას ვაკონტროლებთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული მთავრობის ფრთხილი მიდგომა, რასაც იჩენს მობილობის გახსნისა და ფრენების თანდათან აღდგენის მიმართულებით.