“ახმაურდა ეზო და უბავშვო სოფელი“- პანდემიის გამო სოფელ ნაკურალეშში დაბრუნებული ოჯახი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაკურალეში ლეჩხუმში ერთერთი ულამაზესი დასახლებაა, რომელიც ზღვის დონიდან 1.100 მეტრზეა განლაგებული. მაღალმთიანობის გამო, მიგრაციამ სოფელს განსაკუთრებული კვალი დაატყო. მოსახლეობის უმეტესობა 60 წელსაა გადაცილებული და უკვე ვეღარ ნახავდით ეზოს, სადაც ბავშვების ჟრიამული ისმოდა.

თუმცა, როგორც „რეგიონულმა კვირისთვის” გახდა ცნობილი, პანდემიის პერიოდში, სოფელ ნაკურალეშს ერთი ახალგაზრდა, 3 შვილიანი ოჯახი დაუბრუნდა და ყურაშვილების ეზოც აახმაურა.

როგორც ოჯახის დიასახლისი და ბებია – ელისო ყურაშვილი გვიყვება, სოფელში ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა და ბავშვების ნაკლებობაც არ იგრძნობოდა, ახლა კი მათი ხმაური სანატრელია.

მისი თქმით, პანდემიას დადებითი მომენტებიც ჰქონია – მისი შვილი და რძალი, შვილებთან ერთად, მამაპაპისეულ მიწას დაუბრუნდა. ახლა უკვე მათთან სტუმრებიც მიდიან და ქალის ცხოვრება საინტერესო გახდა

პანდემიამ ქალაქში სირთულეები შექმნა, სწავლა იქ აღარ იყო და საბავშვო ბაღი, კი წამოვიდნენ და არიან აქ ჯანმრთელად და ბედნიერად, ეზოც აახმიანეს და ჩვენი უბავშვო სოფელიც“, – სიხარულით ამბობს ოჯახის ბებიას.

ელისო ყურაშვილს მეუღლე ადრე გარდაცვლია. ის სოფელში მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ პანდემიას სიკეთეც მოჰყვა და მცირეკომლიან ნაკურალეშში მარტო აღარ ცხოვრობს. თუმცა, იმაზეც დარდობს, რომ შინ დაბრუნებულ ახალგაზრდა ოჯახს და ბავშვებს მუშაობისა და სწავლის პირობები ჰქონდეს.

„10 მარტის შემდეგ აქ არიან, შვილიც დამიბრუნდა,რძალიც და ბავშვებიც,მაგრამ რაღაც შემოსავლის წყარო ხომ უნდა ექნეთ. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, არის უამრავი პროგრამა და პროექტი, რომელიც სოფელში ხორციელდება.  გზა, წყალი და ელემენტარული კომუნიკაციის საშუალებები თუ ექნებათ ბავშვებს, იქნებიან აქ ჯანმრთელად და განათლებასაც მიიღებენ“,- ამბობს ელისო ყურაშვილი.

როგორც სოფლის რწმუნებული გია ყურაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, სახელმწიფომ უკვე იზრუნა წყლის პრობლემების გადაჭრაზე. სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე დაწყებულია სამუშაოები და ნაკურალეშს წყალი უწყვეტი გრაფიკით მალე ექნება. რაც შეეხება გზას, მისი თქმით, სულ მალე გზის რეაბილიტაციაც იგეგმება.

   მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები