თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების სამი თვის ვადით გამგზავრებას ითვალისწინებდა, დადებითი პასუხი 101 განმცხადებელს მიეცა.

თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ უკვე დაეგზავნა.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა.

განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები