თბილისში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრები  ესწრებოდნენ.
საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ტყემალაძემ ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების გმირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფაში.
„აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ჩვენ დღესაც გვახსოვს ის უმძიმესი, ტკივილით სავსე დღეები. სიმბოლურია, რომ სწორედ  დღევანდელ დღეს გავხსენით ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის გმირია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები  სამშვიდობოზე გამოჰყავდა.  აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა- ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშში დაიღუპა. გზირიშვილების ოჯახმა სამშობლოს ერთიანობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე 2 ადამიანი დაკარგა. სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი სამშობლო. ნამდვილად გმირობაა, როდესაც ადამიანი თავის ბედს, თავის კარიერას სამშობლოს დაცვას უკავშირებს. ქედს ვიხრით გმირების წინაშე და უსაზღვროა ჩვენი მადლიერება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, ქართული სახელმწიფო იდგა, დგას  და იდგება ჩვენი ჯარის სიძლიერესა და გმირობაზე.
„დღეიდან ეს ქუჩა ვახტანგ გზირიშვილის და მისი ასევე ომში დაღუპული  მამის სახელობისაა. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილე ვიყო ჩვენი გმირების სახელების ამ ფორმით უკვდავყოფისა. შარშან შმაგი სოფრომაძის ქუჩა გავხსენით, უფრო ადრე გიორგი ანწუხელიძის და მისი თანამებრძოლების. ძნელია ამ დღეს მისალოცი სიტყვის წარმოთქმა და ვახტანგ გზირიშვილის დედას ქუჩის გახსნას ვერ მივულოცავთ, მაგრამ  გმირის გაზრდისთვის მადლობას ვეტყვით. მისალოცი კი  არის ის, რომ ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ქუჩის გახსნის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელზე აგებულ ეკლესიაში  ქუჩის სახელისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები (ბიოგრაფიებით) დამაგრდა, ტაძარში კი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები