ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი: „ფოტოგრაფები საქართველოსთვის”- ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისა და ფოტოგრაფებისთვის

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის” – ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისა და ფოტოგრაფებისთვის”, – ამის შესახებ ფოტოხელოვანმა, გიორგი შერმაზანაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის” დაიწყო. ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის” შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

აჭარაში გამართული ტურის შემდეგ, ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადასხვა სოციალური ქსელითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდებიც.

„ჩვენი ახალი პროექტით ძალიან ბევრი ფოტოგრაფი დაინტერესდა და ბევრი მათგანი ჩაერთო. ტურების შედეგად, უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. პროექტში ასევე მონაწილეობენ ტურისტული გიდები და სატრანსპორტე კომპანიები. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებასა და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას”, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ფოტოტურში სამეგრელოში სხვადასხვა ფოტოგრაფთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი – გიორგი შერმაზანაშვილი.

„საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ პროექტის ერთერთი ნაწილია ფოტოტურები, რომელშიც ჩავერთე და ვიმყოფებოდი სამეგრელოში. პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაცია. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტოალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისა და ფოტოგრაფებისთვის, რომლებმაც თავი უნდა გამოიჩინონ ამ კუთხით”, – აცხადებს გიორგი შერმაზანაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანია კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები