მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება
7-8 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართება მხატვრული ფილმის – „ შინდისი” ჩვენება, აზერბაიჯანსა და ლიეტუვაში ასევე შედგება აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა, ხოლო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, მსოფლიოში პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოსთან აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს ონლაინფორმატით გააცნობს აღნიშნულ ფილმს.
“საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ათენის ერთერთ საგამოფენო სივრცეში მოეწყობა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. 8 აგვისტოს, საელჩოს ორგანიზებით, ასევე შედგება ფილმის – „მანდარინები” ჩვენება.
ასევე, აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ,,კორეის რეპუბლიკაში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის – „რუსული გაკვეთილები” ჩვენება.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 8 აგვისტოს ქ. კიევში, შოთა რუსთაველის სკვერში გაიმართება შეხვედრა დიასპორასთან და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა, ირლანდიაში კი – ჩატარდება ლექცია-სემინარი: „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და გამოწვევები 12 წლის შემდეგ”.
ავსტრიაში, ესტონეთში, საბერძნეთსა და კორეის რესპუბლიკაში აგვისტოს ომთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდება საქართველოს ელჩების ინტერვიუები, ხოლო ბელგიასა და სლოვენიაში – საქართველოს ელჩების ვიდეო-მიმართვები.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ერთ-ერთმა წამყვანმა მედიასაშუალებამ – The Event Magazine არაბულ ენაზე უკვე გამოაქვეყნა საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებული ინფორმაცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ინფორმაციების გამოქვეყნება ასევე იგეგმება ბრიტანულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, რუმინულ და სლოვაკურ საინფორმაციო პორტალებზე.
9 აგვისტოს შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახური დეკანოზი შიო სამგლოვიარო პანაშვიდს გადაუხდის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.